Accentnews.ge
„110/40 ვარიანტს იმ შემთხვევაშიც არ დავეთანხმებით, თუ პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ“

„110/40 ვარიანტს იმ შემთხვევაშიც არ დავეთანხმებით, თუ პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ“

03/03/2020 13:02:34 საშინაო პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია საარჩევნო სისტემის 110/40 ვარიანტს იმ შემთხვევაშიც არ დაეთანხმება, თუ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ.

"100/50 და 100/40 თანაფარდობას შორის არჩევანი მდინარაძემ გააკეთოს. ჩვენ მაქედან არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ იმას, რომ დავამარცხოთ ეს რეჟიმი ნებისმიერი სისტემის პირობებში და ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყანას. ეს სისულელები და ვირეშმაკობები მდინარაძემ აირჩიოს თავის გუნდთან ერთად და მიუტანოს თავის უფროსს ივანიშვილს. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციის მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ, ხმების 40% უნდა მიიღოს, რაც რიცხვებში ფორმულას 130/20 ნიშნავს, ანუ 130 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩეს, ხოლო 20 – მაჟორიტარულით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქის შექმნა, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, „გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია“.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს? როგორ შეიძლება, ქვეყანაში ოთხი-ხუთი რაიონი ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდეს? ეს ვინმემ მომიყვეს და შემდეგ შეიძლება, ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. 40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქის შექმნა გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის: ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ინიცირებისთვის 1 კვირა რჩება. ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.

დღეს აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის პოვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა: „თუ საარჩევნო სისტემის თაობაზე პროგრესს ვერ ვიხილავთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S