
„კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ მაღალი მხარდაჭერა არსებობს“
03/03/2020 13:10:56 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
„კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა“, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის დღევანდელ ინტერვიუს.
„მოვისმინე ადამ კინზინგერის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. მან თქვა, რომ 2024 წლის არჩევნები საჭიროა, დარჩეს პროპორციული სისტემით. თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და უკვე წერია კონსტიტუციაში. 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. კონგრესმენმა მოუწოდა ყველა მხარეს, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და შეთანხმებისკენ გადადგან ნაბიჯები. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანი შეთავაზებები და პირობები არსებობს. კონგრესში ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი პოზიცია არის საერთო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას შეთანხმებისკენ. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის - ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილშიც. მინდა, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის ამ ნაწილიდან ვუთხრა, რომ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი სამართლებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი და ნურავინ შეეცდება, რომ ჩვენი მეგობრების განცხადებები ისე გადათარგმნოს, თითქოს ეს არის მათთვის პირადი მხარდაჭერა. კონგრესმენების განცხადებები ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის: ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ინიცირებისთვის 1 კვირა რჩება. ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.
დღეს აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის პოვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა: „თუ საარჩევნო სისტემის თაობაზე პროგრესს ვერ ვიხილავთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ“.