17-04-2025 10:31:56 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ მოიწონა ისრაელის გეგმები ირანის ბირთვულ პროგრამაზე უახლოეს მომავალში დარტყმის შესახებ. ამის შესახებ New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ისრაელმა მოამზადა გეგმა ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებზე თავდასხმისთვის, რაც უკვე მაისში უნდა მომხდარიყო - მიზანი იყო გარკვეული დროით გადავადება თეირანის მიერ საკუთარი ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობის.
როგორც იტყობინებიან, შეტევის თითქმის ყველა ვარიანტი მოითხოვს აშშ-ს მონაწილეობას, როგორც თავდასხმის მაქსიმალური ეფექტის უზრუნველსაყოფად, ასევე ისრაელის დასაცავად ირანის საპასუხო დარტყმისგან. დაგეგმვის ეტაპზე ისრაელის მხარე თვლიდა, რომ აშშ მას დიდი ალბათობით დაუჭერდა მხარს. ამ მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ტრამპმა არ დაუჭირა მხარი თავდასხმის იდეას, თუმცა მხარი დაუჭირა დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებას ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს "ამ თვის დასაწყისში" აცნობა.
ამავე დროს, დონალდ ტრამპი საჯაროდ დაემუქრა ირანს დარტყმით ბირთვული იარაღის განვითარების გამო.
შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს ომანში ირანის ბირთვულ პროგრამაზე პირველი შეხვედრა გაიმართა.