Accentnews.ge
პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროს, მედპერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და მოქალაქეებს მადლობას უხდის

პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროს, მედპერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და მოქალაქეებს მადლობას უხდის

03/03/2020 14:04:38 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის.

„პირველ რიგში, მადლობა ექიმებს, ექთნებს, მედდებს, განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობისთვის და საკოორდინაციო ჯგუფში აქტიური მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა თითოეულ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც საზღვარზე - მესაზღვრის ან მებაჟის ფუნქციით აბსოლუტურად გულწრფელად და თავდადებით ასრულებს თავის ფუნქციებს ყოველდღიურად. ეს მადლობა გამომდინარეობს იმ ადამიანების შრომის ობიექტური შეფასებიდან, რომლებიც ყოველდღიურად ამ გამოწვევას ებრძვიან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის საერთო გამოწვევა, რასაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. აქ არ არის პანიკის და შიშის ადგილი, საჭიროა ეფექტური შრომა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. მოქალაქეების მხრიდან ასეთი დონის კონსოლიდირება, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს, კარგა ხანია, არ ყოფილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი ანგაჟირებულობის გარეშე, თითოეული ჩვენგანი, იქიდან, სადაც ვართ - მოქალაქე, ექიმი, მედდა, მებაჟე, პოლიციელი, ყველა უნდა ვემსახუროთ სახელმწიფოს. ეს არის მთავარი ამოცანა და არ აქვს მნიშვნელობა, მთავრობის ნაწილი ვართ ჩვენ, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის თუ ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც ახლა კარანტინის ზონაში იმყოფებიან. განსაკუთრებული მადლობა მათ იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება სრულად მისაღებია და ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.

ჩინეთში „COVID-19“–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S