17-04-2025 16:46:51 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ გაზეთ „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ ინტერვიუში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა შეაფასა და დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციები გააჟღერა.
ირაკლი ტუჟბამ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას როგორც ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, რომელშიც დე ფაქტო ხელისუფლებას მოლაპარაკებების წარმოება შეუძლია. „ჩვენს საზოგადოებაში მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რადგან სერიოზულ პოლიტიკურ წინსვლას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობა არ უნდა გაგრძელდეს“, - დასძინა მან და ხაზი გაუსვა, რომ „დიპლომატიაში სწრაფი შედეგები იშვიათია, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე სამხედრო კონფლიქტების დარეგულირებას ეხება“.
ტუჟბას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მთავარ ჰუმანიტარულ საკითხს, რომელიც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს, ე.წ. აფხაზური პასპორტის საერთაშორისო აღიარება წარმოადგენს, რაც მოსახლეობას მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ჯანდაცვის მიზნებისთვის. პოლიტიკურ საკითხებს შორის მან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების გაფორმება დაასახელა, „რაც სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის შემცირებას ხელს შეუწყობს და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას საფუძველს ჩაუყრის“. ტუჟბამ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს დესტრუქციული პოზიციის გამო“ ტექსტზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო „ისტორიის გადაწერას“ და „რუსეთის კონფლიქტის მხარედ წარმოჩენას“ ცდილობს, თუმცა აფხაზური მხარის პოზიცია უცვლელია - „აგრესორი სწორედ საქართველოა, რომელმაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სისხლიანი კონფლიქტები დაუწყო“, და სწორედ საქართველომ უნდა აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამავე კონტექსტში, მან გაიხსენა, რომ 2018 წელს მონაწილეები ახლოს იყვნენ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივი ზეპირი განცხადების მიღებასთან, მიმდინარეობდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რა დროსაც საქართველოს დელეგაცია პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკავშირდებოდა, თუმცა საბოლოოდ განცხადების მიღებაზე უარი განაცხადა.
ირაკლი ტუჟბა დევნილთა საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „კონსოლიდირებული“ პოზიციაა, არ განიხილონ ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, სანამ ქართული მხარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა რეზოლუციის ყოველწლიურ ინიციირებას და ამრიგად ამ საკითხის პოლიტიზებას აგრძელებს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სოხუმი უკვე წლებია ცდილობს, აფხაზეთის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეას „ობიექტური“ ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა ყველა მცდელობა საქართველოსა და მისი „დასავლელი პატრონების“ წინააღმდეგობას აწყდება. „როგორც კი ქართული მხარე უარს იტყვის ამ პრობლემის პოლიტიზებაზე და რეზოლუციის ინიციირებას შეწყვეტს, ჩვენი დელეგაციების კონსოლიდირებული პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ჯერჯერობით უახლოეს პერსპექტივაში ამ პრობლემის გადაწყვეტის არავითარი წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა მან.
გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით ტუჟბამ აღნიშნა, რომ შეხვედრების 2018 წლიდან შეწყვეტილია სოხუმის გადაწყვეტილების გამო, რისი მიზეზიც ქართული მხარის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღება გახდა. „ამავდროულად, ვაცნობიერებთ რა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, [ქართულ მხარეს] არაერთხელ შევთავაზეთ ფორმატის აღდგენის კომპრომისული გზები. სამწუხაროდ, ქართული მხრიდან ამისთვის მზაობას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მან.
ტუჟბამ შვეიცარია გააკრიტიკა იმის გამო, რომ „იგი აქტიურად ერთვება სხვადასხვა კონფლიქტში და კარგავს ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს“. ამის მაგალითად მან მოიყვანა 2023 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც შვეიცარიამ აფხაზებსა და ოსებზე შენგენის ვიზები არ გასცა. „შვეიცარიამ გადაწყვიტა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს მიერთებოდა, რაშიც ჩვენც მოვყევით, რადგან როგორც რუსეთის მოქალაქეები ვიზებს რუსული პასპორტით ვიღებთ. ეს ყველაფერი გვაფიქრებს, რომ შვეიცარიამ ობიექტური და ნეიტრალური შუამავლის როლი დაკარგა. სწორედ ამიტომ გაჩნდა მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები გადავიტანოთ სხვა ქვეყანაში, რომელიც ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება“, - აღნიშნა ტუჟბამ.
აღსანიშნავია, რომ ადრე ჟენევის მოლაპარაკებებში ე.წ. აფხაზურ დელეგაციას სწორედ ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა, თუმცა აშშ-ში მისი კერძო ვიზიტის შემდეგ, რომელმაც აფხაზეთში სკანდალი გამოიწვია, ეს მიმართულება მეორე „მოადგილეს“, ოდისეი ბიგვავას ჩააბარეს.
სოხუმის აეროპორტში პირველ რეისებს სანქცირებული „იუვთ აერო“ და „იკარი“ შეასრულებენ
მოსკოვის აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით პირველ სამგზავრო რეისს 1 მაისს ავიაკომპანია, „იუვტ აერო“ შეასრულებს, ხოლო 6 მაისიდან ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია „იკარი“ იფრენს. თავდაპირველად პირველი ფრენა 3 მაისს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა „მგზავრთა თხოვნების“ გამო და 1 მაისს დამატებითი რეისი დაიგეგმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „როსავიაციამ“ აფხაზეთში ფრენის ნებართვა გასცა ავიაკომპანიებზე „iFly“ და „Nordstar“, თუმცა მათი ოპერირების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ოთხივე დასახელებული კომპანია ევროკავშირის მხრიდან სანქცირებულია და მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.
რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფასებმა რუსი ტურისტების უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, „იუვთ აეროს“ ერთი გზის ბილეთი 16000-მდე რუბლი ღირს, რაც დაახლოებით 530 ლარს შეადგენს. „იკარის“ ბილეთის შეძენა 10000 რუბლის ფარგლებშია (335 ლარი) შესაძლებელი.
რუსულ ახალგაზრდულ ბანაკ "არტეკში" აფხაზი მოზარდი გარდაიცვალა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიაში 14 წლის აფხაზი მოზარდი, ნარტ აბუხბა გარდაიცვალა, რომელიც ახალგაზრდულ ბანაკ „არტეკში“ მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი რესპირატორული დაავადებით საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა გართულებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ბადრა გუნბას, რომელმაც ცხედრის გადასვენებაზე მეთვალყურეობა ე.წ. პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ დელბას დაავალა, რაც „რუსეთის მხარესთან კოორდინაციაში“ უნდა მოხდეს.
ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ მოზარდისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შესწავლა დაიწყო.
ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება არტეკის ორგანიზატორებმაც გაავრცელეს და მომხდარის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოთქვეს. მათი მტკიცებით, ბავშვების ჩასვლისთანავე მათ პირველადი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ, თუმცა მეორე დღეს ნარტ აბუხბას სიცხემ აუწია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სანატორიუმ „პრიბოის“ ბავშვთა ინფექციურ განყოფილებაში მისი მოთავსების შესახებ. მოგვიანებით, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობა გაუარესდა, იგი ევპატორიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმებმა „ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად“.