ხარკოვის მერი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს, არის მსხვერპლი

18-04-2025 09:44:26 მსოფლიო

18 აპრილის დილით რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა.

ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს. დილის 7 საათის მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 54 ადამიანი.

ტერეხოვის ცნობით, დარტყმა უშუალოდ შეეხო მრავალსართულიან სახლს, რომლის ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი მრავალბინიანი და 30-ზე მეტი კერძო სახლი.

გარდა ამისა, ქალაქ სუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ კობზარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა სამი დრონით დაარტყეს სამრეწველო ობიექტს. კობზარი კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს. მისი ცნობით, მომხდარის შედეგად ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო ქალაქ ნიკოლაევზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კერძო საწარმოს საწყობებში, სადაც საყოფაცხოვრებო საქონელი ინახებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები