18-04-2025 09:50:45 მსოფლიო
უკრაინამ და ამერიკამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების განზრახვას ადასტურებენ. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ 17 აპრილს, ღამით განაცხადა.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა დოკუმენტს ხელი ვიდეოკავშირის დროს მოაწერეს.
სვირიდენკოს ცნობით, მზადდება უკრაინის ინვესტიციების და აღდგენის ფონდის შექმნა. მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომი ეტაპებია შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება და რატიფიკაცია.
მომავალი შეთანხმება მოიცავს უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის ათვისებას.
17 აპრილს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმება შესაძლოა, 24 აპრილს გაფორმდეს.
17 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ აპირებს თავის ვალებად აღიაროს დახმარება, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუწია.
ცნობისთვის: ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა.
უკრაინას და ამერიკას 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ ხელი სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის. თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
მარტში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ვაშინგტონმა კიევს შესთავაზა შეთანხმების ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის რესურსებზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს და არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს. წყაროთა თანახმად, უკრაინამ ეს ვარიანტი უარყო. მას შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.