აშშ–ის ცენტრალური სარდლობა: იემენში მდებარე ჰუთების პორტი გავანადგურეთ

18-04-2025 10:11:44 მსოფლიო

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმა განახორციელეს იემენში, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტ რას-ისასზე და ნავთობტერმინალზე, რომელსაც მეამბოხე ჰუთები აკონტროლებენ.

სარდლობის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების საწვავის და უკანონო შემოსავლის წყარო, რას-ისას პორტი განადგურებულია.

"ტერორისტული ორგანიზაცია ეკონომიკურ და სამხედრო სარგებელს იღებს მხარდამჭერი ქვეყნებისა და კომპანიების მეშვეობით მაშინ, როცა საწვავი კანონიერად უნდა მიეწოდებოდეს იემენელ ხალხს, ამიტომ შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა მიმართეს ზომებს ჰუთების უკანონო შემოსავლის წყაროს ლიკვიდაციისთვის", – აცხადებენ სარდლობაში.

ჰუთების მიერ კონტროლირებული ტელეარხის Al Masirah-ის ცნობით, ამერიკელების ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 38 და დაიჭრა 102 ადამიანი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები