21-04-2025 11:14:05 მსოფლიო
უკრაინა რუსეთს ზავის 30 დღით გაგრძელებას სთავაზობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
20 აპრილს ღამით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სააღდგომო ზავის“ დროს ფრონტის ძირითად მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, თუმცა უკრაინაში არ ყოფილა საჰაერო განგაში. მისი თქმით, ამ ფორმატის შენარჩუნება ყველაზე მარტივად შეიძლება, ამიტომ კიევის წინადადებაა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით და რაკეტებით დარტყმების შეწყვეტა კიდევ, სულ მცირე, 30 დღით.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ „სააღდგომო ზავი“ 21 აპრილს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე ამოიწურა და მისი გაგრძელების ბრძანება პრეზიდენტს არ გაუცია.
რუსეთმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 20 აპრილს ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები 444-ჯერ დაცხრილეს და დრონებით 900 დარტყმა განახორციელეს.