21-04-2025 11:55:44 მსოფლიო
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა იემენში ჰუთი მეამბოხეების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციის განსახილველად Signal-ის კიდევ ერთი ჩატი გამოიყენა, რომელშიც ჩართული იყო ათზე მეტი პირი, მათ შორის ჰეგსეთის ცოლი, ძმა და ადვოკატი, – იუწყებიან The New York Times, CNN და Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროთა თანახმად, ჰეგსეთმა ეს ჩატი 2025 წლის იანვარში, თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე შექმნა, თუმცა პირადი ტელეფონით იყენებდა მინისტრად დამტკიცების შემდეგაც. მედიასაშუალებების ცნობით, პიტ ჰეგსეთმა ჩატში, რომელიც არ იყო განკუთვნილი სამხედრო გეგმის განსახილველად, ჰუთების პოზიციების დასაბომბად ამერიკული გამანადგურებლების გაფრენის გრაფიკი დაწერა.
პიტ ჰეგსეთის ცოლი, რომელიც Fox News-ის ყოფილი პროდიუსერია, თავდაცვის სამინისტროში არ მუშაობს, განსხვავებით ძმისა და ადვოკატისგან, რომლებიც ამჟამად პენტაგონის თანამშრომლები არიან.
ამჟამად აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება მსგავს შემთხვევაზე, როცა დახურულ ჩატში, სადაც ჰუთების საწინააღმდეგო ოპერაციას განიხილავდნენ, გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედქტორიც აღმოჩნდა. საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.
დემოკრატებმა მაიკ უოლცის და პიტ ჰეგსეთის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ თანამდებობიდან არავის გათავისუფლებას არ აპირებს.