21-04-2025 12:09:10 საზოგადოება
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
"პაპი 21 აპრილს ვატიკანში, თავის რეზიდენციაში გარდაიცვალა", – ნათქვამია ინფორმაციაში.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აშშ–ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და იტალიის ლიდერები პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
რაც შეეხება საქართველოს, პაპის გარდაცვალების ფაქტს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის დამფუძნებელი გამოეხმაურნენ.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მისეული მემკვიდრეობა სიცოცხლეს განაგრძობს. საქართველოს ხალხის სახელით ვუსამძიმრებ კათოლიკურ საზოგადოებას მთელს მსოფლიოში“, - წერს "ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
"თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ. როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“, – აღნიშნავს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი.
„პაპი ფრანცისკე დაამახსოვრდებათ, როგორც სულიერი ლიდერი, რომელსაც ღრმა თავმდაბლობა, თანაგრძნობა გამბედაობა ახასიათებდა და იყო მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ერებსა და სარწმუნოებათა შორის ერთიანობის მტკიცე დამცველი“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
რომის პაპის გარდაცვალებას ეხმიანება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„ჩემი ფიქრები არის მილიონობით კათოლიკე ადამიანის გვერდით, - იმ ადამიანებისა, რომლებიც დიდ ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ. მქონდა პატივი, ოფიციალური ვიზიტით ჩავსულიყავი ვატიკანში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სადაც შევთანხმდით მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 1936 წლის 17 დეკემბერს არგენტინაში დაბადებული ფრანცისკე რომის ეკლესიის პირველი სამხრეთამერიკელი მეთაური იყო. იგი 2013 წლის 28 თებერვალს აირჩიეს, რასაც პაპ ბენედიქტ XVI-ის გადადგომა უძღოდა წინ. კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მომავალ მეთაურს, სავარაუდოდ, მაისში აირჩევენ საიდუმლო კენჭისყრაზე.