22-04-2025 16:41:26 ევროპა ,მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, გასულ კვირაში ევროპელებმა აშშ-ს ის "წითელი ხაზები" გააცნეს, რომელთა გადაკვეთაც მიუღებელი იქნება უკრაინა-რუსეთის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაში.
"ჩვენთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მიზანი ფრანგული ინტერესებისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვაა. სწორედ ამიტომ, რადგან აშშ-მ შუამავლის როლის შესრულება გადაწყვიტა, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი ე.წ. წითელი ხაზები". - თქვა ბარომ.
კითხვაზე, თუ რამდენად სერიოზულად მიიჩნევს ტრამპის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, ამ კვირაში გამოცხადდეს, ბარომ აღნიშნა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინიზეა დამოკიდებული.
"ვფიქრობ, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც პუტინმა გარკვეულწილად მოულოდნელად გამოაცხადა, მარკეტინგული ნაბიჯი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის მოუთმენლობის თავიდან აცილებას" - დასძინა ფრანგმა დიპლომატმა.
უკრაინამ, აშშ-მ, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ პირველი ერთობლივი მოლაპარაკებები გასულ კვირაში, პარიზში გამართეს. მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს ლონდონში გაიმართება.