23-04-2025 00:28:42 მსოფლიო
იაპონია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს მიაწვდის გეოსივრცულ მონაცემებს, მათ შორის რადიოლოკაციურ სურათებს SAR თანამგზავრული სისტემიდან, იუწყება Intelligence Online.
ეს არის პირველი მსგავსი თანამშრომლობა იაპონიის ისტორიაში. მონაცემებს უკრაინა მიიღებს იაპონიის კოსმოსის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტებიდან და მას უკრაინის დაზვერვა გამოიყენებს დაკვირვებისა და დაზვერვისთვის.
SAR ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მიიღოთ დედამიწის ზედაპირისა და მასზე მდებარე ობიექტების სურათები, განურჩევლად კლიმატური პირობებისა და დღის მონაკვეთისა.
შეთანხმების თანახმად, iQPS სისტემები ინტეგრირებული იქნება უკრაინის დაზვერვის პლატფორმებში. ინსტიტუტს ორბიტაზე ხუთი სარადარო თანამგზავრი აქვს, მაგრამ მომავალში მათი რიცხვის 36-მდე გაზრდას გეგმავს.
DeepState პროექტის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან არის აფილირებული, სამხედროებს უკვე აქვთ წვდომა მსგავსი მოწყობილობების სურათებზე ფინეთის (Iceye სისტემის მეშვეობით), გერმანიის (SAR-Lupe და SARah-ის მეშვეობით) და იტალიის (Cosmo-SkyMed-ის მეშვეობით), ასევე გაფართოებული უფლებები ფრანგული თანამგზავრების შემთხვევაში, რომლებსაც ოპერირებს Airbus. ამავდროულად, კიევს აკლია ის მონაცემები, რომლებიც მანამდე იღებდა შეერთებული შტატებიდან პირდაპირ ან ეროვნულ გეოსივრცულ-სადაზვერვო სააგენტოსთან (NGA) კონტრაქტების მეშვეობით.