სიმონიშვილი: შსს ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს და გზის გადაკეტვაზე ჯარიმების გამოქვეყნება ისე დაიწყო, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდია, რაც კანონის დარღვევაა

23-04-2025 13:25:27 საზოგადოება

იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებ–გვერდზე გამოქვეყნება ისე დაიწყო, რომ მათი ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც, მისი თქმით, ფორმალურად კანონის დარღვევაა.

როგორც ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, შსს ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს.

"შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო. დღეს ბევრმა ადამიანმა მიიღო ამის შესახებ მესიჯი და მოკლე სამართლებრივ გზამკვლევს დაგიწერთ, რა უნდა გააკეთოთ. შსს-ს მესიჯში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალობაზეა მოსული ჯარიმა, თუმცა ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს შსს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული. შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე ნუ გავაკეთებთ მთელ აქცენტს. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.

მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად. რა ვადაში და როგორ? გამოქვეყნების დღე არის დღეს და დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაგეთვლებათ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად. შესაბამისად, ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი. ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ.

ჯარიმის ნახვა ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ: https://videos.police.ge/

თუ ჯარიმის გასაჩივრებისთვის შაბლონი გჭირდებათ, შეგიძლიათ, მომწეროთ", – წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯარიმებს იღებს ავტომობილის გაჩერების წესის დარღვევისთვის, თუმცა აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები საერთოდ არ ჰყავს.

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი აქციების მიმდინარეობის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად არაერთი კანონი მიიღო: გაზარდა ჯარიმები, აკრძალა ლაზერების, ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება.

„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ ასობით ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები