23-04-2025 17:41:41 ევროპა
ესტონეთი ნარვაში სამხედრო ბაზას განათავსებს, რათა გააძლიეროს რუსეთთან საზღვრის დაცვა, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვაჰურ კარუსმა, იუწყება ERR.
ვარაუდობენ, რომ ობიექტზე 200-ზე მეტი ესტონელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება, ასევე მოკავშირეთა დანაყოფები. ბაზირება მუდმივი იქნება. გათვალისწინებულია როტაცია.
„ჩვენ ნაწილობრივ წარმოდგენილნი ვართ ქალაქში Kaitseliit-ის (ესტონეთის თავდაცვის ლიგა, მოხალისეთა გასამხედროებული ორგანიზაცია) მეშვეობით, მაგრამ ჩვენი მიზანია იქ მუდმივი დანაყოფების განთავსება.
ისინი საბრძოლო მორიგეობაზე გავლენ, შემდეგ დაბრუნდებიან, მაგალითად, იოჰვიში ან ტაფაში, რათა გააგრძელონ ჩვეული წვრთნა“, - განმარტა კარუსმა.
მან დააკონკრეტა, რომ ბაზაზე განთავსდებიან როგორც მოქმედი სამხედრო პირები, ასევე წვევამდელები და რეზერვისტები.
მისი თქმით, სამხედროები გახდებიან „ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების“ ნაწილი - ეს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას „ნათელ სიგნალს ესტონეთის სახელმწიფოს არსებობის შესახებ“ და დაანახებს რუსეთს, რომ „ნარვა ესტონეთის განუყოფელი ნაწილია“.
კარუსმა დასძინა, რომ ბაზის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს თავდაცვის ძალების უფროსსა და საპარლამენტო პარტიებს შორის კონსულტაციების შემდეგ, რომლებმაც მოიწონეს ინიციატივა.
მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, ესტონეთმა ასევე რუსეთის საზღვართან გახსნა რედოს სამხედრო ბაზა, რომელიც 1000 ადამიანზე გათვლილი.
2025 წელს ესტონეთი რუსეთის საზღვარზე თავდაცვითი ხაზის მშენებლობას დაიწყებს. ჩრდილო-აღმოსავლეთში 14 ბუნკერისგან შემდგარი პირველი პლაცდარმი შემოდგომაზე გამოჩნდება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრებზე კიდევ ოთხი თავშესაფარი დამონტაჟდება. თავდაცვითი კონსტრუქციებმა უნდა გაუძლოს 152 მმ-იან ჭურვს. მთლიანობაში, თავდაცვის ხაზთან 600 თავშესაფარი იქნება და ისინი განთავსდება არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო მიწაზეც. თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ინსტალაცია ითვალისწინებს უკრაინის ომის გამოცდილებას, სადაც „სპეციალური ბადეები და სხვა ანტი-დრონის საშუალებები გამოიყენება დრონის ბუნკერში პირდაპირ შეღწევის თავიდან ასაცილებლად“. გარდა ამისა, საზღვარზე აშენდება ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები და აღიჭურვება საცეცხლე პოზიციები.
"რუსეთი არის და იქნება ყველაზე დიდი საფრთხე ესტონეთის უსაფრთხოებისთვის. უკრაინის ომმა შეამცირა მისი თავდასხმის ძალა, მაგრამ სხვადასხვა შეფასებით, იგი შეძლებს მის აღდგენას ორ-სამ წელიწადში. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და რაც შეიძლება ძვირი უნდა დაჯდეს ესტონეთზე თავდასხმის ფასი", - თქვა კაიდო ტიტუსმა, თავდაცვის სამინისტროს ვიცე-კანცლერის მრჩეველმა.