რუსმა სამხედროებმა ბელგოროდში დასასვენებელი ცენტრი და ადგილობრივები გაძარცვეს

23-04-2025 17:56:30 მსოფლიო

რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს და გაძარცვეს "მალინოვკას" დასასვენებელი ცენტრი რუსეთის ბელგოროდის რაიონის სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაში, - წერს ადგილობრივი გამოცემა Pepel.

გამოცემის ცნობით, ბაზა დაიხურა 2023 წლის მაისში უკრაინიდან შებეკინსკის ოლქის დაბომბვის გამო. ამის შემდეგ მალევე სამხედროებმა დაწესებულება თვითნებურად დაიკავეს და მიმდინარე წლის თებერვლამდე სხვადასხვა დანაყოფები იყვნენ განლაგებული.

როდესაც სამხედროებმა მალინოვკა დატოვეს, ადგილობრივებს დახვდათ ჩამსხვრეული ფანჯრები, დამტვრეული კარებები, დალეწილი ავეჯი და შენობა გაძარცვული. კერძოდ, მოიპარეს მაცივრები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამრეწველო გრილი, ორი ბილიარდის მაგიდა, აუზის ტუმბოები, 160 ცალი ალუმინის რადიატორი, 400 მეტრი პლასტმასის მილები, 200 კვ.მ ხალიჩა და გასაბერი ნავი. სამხედროებმა გათბობის სისტემიდან 400 ლიტრი ანტიფრიზიც ამოიღეს. გამოცემის ცნობით, "მალინოვკას" მფლობელებმა საგამოძიებო ორგანოებს 10 თებერვალს მისწერეს განცხადებით, სადაც მოპარული 37 ნივთის სია წარადგინეს. თუმცა, გამოძიების შედეგების შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.

მანამდე ბელგოროდის ოლქის მაცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს რამდენიმე ათეული კერძო სახლი კრასნოიარსკის რაიონის სოფელ რეპიახოვკაში. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ბევრ სახლში ეყარა ალკოჰოლის ბოთლები, ზოგიერთში კი ჯარისკაცების ცხედრები დახვდათ.

მანამდე ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა საზღვარზე „რთული სიტუაციის“ გამო სოფელში შესასვლელი დაკეტა. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების სახლებში „არაკანონიერი შეღწევის“ შესახებ ინფორმაცია გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხედრო პოლიციას, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები