1 მაისს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულების მხარდასაჭერად 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს

24-04-2025 12:29:25

1 მაისს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულების მხარდასაჭერად 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს - ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ კახი სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საჯარო სამსახურიდან 800 ადამიანი არის გათავისუფლებული.

"საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიები კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება რეპრესირებული საჯარო მოხელეების რიცხვი. მხოლოდ ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან განთავისუფლდა უკვე 200-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე და ზოგად მთელ საჯარო სექტორში გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა 800-ს ადამიანს აჭარბებს.

განათლების სამინისტროში 16 აპრილს გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც ამ ეტაპზე ეხება უშუალოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უკვე გაუშვეს რამდენიმე თანამშრომელი - მიუხედავად იმისა რომ რეორგანიზაცია კიდევ 2 თვე გაგრძელდება. ასევე, არსებობს მოლოდინი, რომ რეორგანიზაციის პროცესი შეეხება განათლების სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპებს, მათ შორის სასწავლი დაწესებულებებს. ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ჩარევა განათლების სისტემაში და ცდილობს წინასაარჩევნოდ მოასუფთაოს ეს სივრცეც.

მიმდინარე მოვლენების გამოძახილად საქართველოში მოქმედი 10 დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები ვგეგმავთ პირველ მაისს კოლმეურნეობის მოედნიდან მსვლელობას, რათა გამოვხატოთ პროტესტი საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო", - თქვა სამხარაძემ.

მისივე თქმით, მსვლელობა დაიწყება კოლმეურნეობის მოედნიდან.

"ეს არის მოედანი, სადაც პირველად შედგა მშრომელების გამოსვლა. ამ სიმბოლური აქტით დავიწყებთ მსვლელობას 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამის შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას“, - აღნიშნა კახი სამხარაძემ.

ცნობისთვის: 19 მარტს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" განაცხადა, რომ მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. საიას ცნობით, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე ადამიანი დაითხოვეს. არაერთი ადამიანია გათავისუფლებული სხვა სამინისტროებიდან, სააგენტოებიდან თუ სხვადასხვა ტიპის უწყებებიდან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ 14 აპრილს გამოქვეყნა, „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა". მისივე ცნობით, "ამ მიზნისთვის, ორგანიზაციის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიის ხელშემწყობი კანონები მიიღო და პარალელურად, დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, რომლებიც ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ".

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, "დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები