24-04-2025 16:16:48 კონფლიქტები
დე ფაქტო ხელისუფლება თბილისისგან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს
აღნიშნულის შესახებ ახალდანიშნულმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა რუსულ სახელმწიფო მედია „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სოხუმის ყურადღების მიღმა არ რჩება საქართველოს ხელისუფლების გზავნილები „ძირითად მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაჯანსაღების თაობაზე“. ამავდროულად, ბარციცის თქმით, ამის დასადატურებლად საჭიროა რეალური ნაბიჯების გადადგმა, როგორიც მათ შორის არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
„ჩემი აზრით, ასეთ ნაბიჯებს შორის შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას და დროის გამოცდას ვერ უძლებს. საჭიროა მკაფიო გააზრება იმ რეალობისა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მეორე – რაც ძალიან მნიშნველოვანია და რაზეც ჟენევის ფორმატის მონაწილეების ყურადღებას გავამახვილებთ – არის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია სხვა საკითხებზე საუბარიც", - განაცხადა ბარციცმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პოზიცია მან ჯერ კიდევ „პრეზიდენტობის“ კანდიდატის რანგში გააჟღერა.
ოლეგ ბარციცმა „საგარეო პოლიტიკის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რუსეთთან და მის ფედერალურ სუბიექტებთან სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარება დაასახელა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა მსოფლიოს იმ რეგიონებში გააქტიურების მნიშვნელობას, სადაც მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ფართო აღიარებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება.
ოლეგ ბარციცი აფხაზეთში ე.წ. რუსეთის ელჩს შეხვდა
ახალდანიშნულმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა პირველი სამუშაო შეხვედრა აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩთან მიხაილ შურგალინთან გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა „ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები“. განსაკუთრებული ყურადღება 9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აფხაზეთის ლიდერის, ბადრა გუნბას მონაწილეობაზე, ასევე „ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე შეთანხმების“ ამოქმედებაზე გამახვილდა.
აღსანიშნავია, რომ „ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას“ მოსკოვსა და სოხუმს შორის 2022 წელს მოეწერა ხელი, „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ ერთ-ერთი დებულების შესაბამისად. თავდაპირველად შეთანხმების პროექტი მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებდა როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რაც აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში მოქმედი რეგულაციების თანახმად, უცხო ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ აფხაზეთში საცხოვრებელი უძრავი ქონების ლეგალურად შეძენა, ხოლო აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭება რუსეთის მოქალაქეებს ამ მიმართულებით გზას გაუხსნიდა. საბოლოო ჯამში, შეთანხმდა, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა ცალმხრივად, მხოლოდ აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის იმოქმედებდა. თუმცა, ორივე მხარის მიერ შეთანხმების რატიფიცირების მიუხედავად, ის ძალაში დღემდე არ შესულა.
ოლეგ ბარციცს „თანამდებობაზე“ დანიშვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც მიულოცა. მან დაადასტურა მზადყოფნა „კონსტრუქციული მეგობრული დიალოგისთვის“ და ბარციცი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში მიიწვია.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის ე.წ. საზღვარზე ოპოზიციის ლიდერთან, ადგურ არძინბასთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, რუსეთის შესაბამის სამსახურებთან დაკავშირების შედეგად გამოიკვეთა, რომ საჭესთან მყოფ ადგურ არძინბას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო იანვარში რუსული მართვის მოწმობა ჩამოერთვა და მას ავტომობილის ტარების უფლება არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მართვა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს, საჭირო გახდა მის მიმართ დამატებითი შემოწმების ჩატარება.
გარდა ამისა, ამავე განცხადების თანახმად, არძინბას ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, ინარ სიჭინავა (გავრცელებული ინფორმაციით არძინბას პირადი მცველი), რომლის წინააღმდეგ იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და რომელიც გაუსვლელობის ხელწერილის ქვეშ იმყოფება.
„რუსული მხარე იმედს იტოვებს, რომ მომავალში აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწეები რუსეთის კანონმდებლობას მეტი პატივისცემით მოეკიდებიან“, - ნათქვამია დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ადგურ არძინბას პარტია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ მიღებულმა განმარტებამ არ დააკმაყოფილა. „ძალზე სასიამოვნოა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ესოდენ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება აფხაზეთის მოქალაქის, ადგურ არძინბას დაკავების ფაქტზე. მსგავსი რეაგირება შესაძლოა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესზე მეტყველებდეს“, - ირონიულად მიმართა პარტიამ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს. მისივე განცხადებით, დაკავების დროს, რუს „მესაზღვრეებს“ ადგურ არძინბასთვის კითხვები არ დაუსვამთ და მართვის მოწმობა საერთოდ არ უხსენებიათ, შესაბამისად დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ეს „მიზეზი“ სხვა არაფერია, თუ არა „მეორე მხარის ქმედებების გამართლების ნაჩქარევი და მოუქნელი მცდელობა“.
„დიდი პატივისცემით ვეკიდებით აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და აღვიქვამთ - და გვსურს მომავალშიც სწორედ ასე აღვიქვათ - როგორც აფხაზეთის უსაფრთხოების ბირთვს და არა როგორც რუსეთის სტრუქტურების პრეს-სამსახურს“, - განაცხადეს პარტიაში და დასძინეს, რომ „საეჭვო ვერსიების გავრცელებამდე, უპრიანი იქნებოდა ელემენტარული სახელმწიფო პასუხისმგებლობის გამოჩენა“ და უშუალოდ დაზარალებულ მოქალაქესთან გასაუბრება. ამავდროულად, პარტიამ აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ადგურ არძინბას ამ საკითხზე დაუკავშირდა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი იყო.