
როუჰანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს
03/06/2019 09:21:53 სხვა, მსოფლიო
ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანი აშშ–სთან მოლაპარაკებების წარმოებას არ გამორიცხავს.
„თუ აშშ გამოავლენს პატივისცემას ირანისადმი და დაიცავს საერთაშორისო ნორმებს, მოლაპარაკებები შესაძლებელია. ვაშინგტონი, რომელმაც დაარღვია შეთანხმება, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.“, – განაცხადა როუჰანიმ.
გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკებები თეირანთან „ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“.
ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. გარდა ამისა, 15 მაისს აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.