ზვიად მაისაშვილი მამუკა მდინარაძეს პასუხობს

25-04-2025 22:00:58 საზოგადოება

მაქვს მეხსიერების პრობლემები, მიჭირს რაღაცეებზე კონცენტრაცია,- ამბობს პროევროპულ აქციებზე სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი - უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას სახეში ურტყა პოლიციელმა ფეხი.

„კიდევ კარგად ვარ გადარჩენილი იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციელებმა ფაქტობრივად სცადეს ჩემი მოკვლა, როდესაც მირტყამენ წიხლს - როდესაც სრულიად გათიშული, უფუნქციო ვარ და წინააღმდეგობის გაწევა იმ მომენტში არ შემეძლო, მაგრამ პოლიცია ასე იქცევა ჩემს წინააღმდეგ...ეს ადამიანის სასიკვდილოდ გაწირვაა!“,- თქვა „ფორმულასთან“ მაისაშვილმა.

რაც შეეხება მისი საქმის გამოძიებას, თვლის რომ პროცესი ფორმალურია:

„დამიკავშირდნენ გენინსპეციიდან, იყო ფორმალური პროცედურები, აღწერეს ჩემი მდგომარეობა, გაზომეს ჩემი დაზიანებები, გამომკითხეს, აიღეს ნერწყვის ანალიზი, რომ დადგენილიყო, სისხლი, რომელიც იყო ჩემს ქურთუკზე იყო თუ არა მართლა ჩემი. თქვეს, რომ პროცესს სჭირდება სამი თვე, მაგრამ რადგან ასეთი შემთხვევები ახლა ძალიან ბევრია, ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს. ამიტომ, არანაირი იმედი არ მაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ საკუთარი თავის წინააღმდეგ. ამიტომ ეს გამოძიება ფორმალობაა!“.

მან ასევე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებას, „სახეში რომ ადამიანს პოლიციელი ფეხს ურტყამდა ან ჩვენ, ან ვინმეს მოეწონა? გაუხარდათ მხოლოდ იმათ. ჩვენ ძალიან გვეწყინა“. მაისაშვილი თვლის, რომ ამგვარი კომენტარების მიზანი საზოგადოების პოლარიზებაა.

„მათ ინტეტესებშია, საზოგადოება იყო დაპირისპირებული. ამას ემსახურება, როდესაც ამბობს, რომ „ეს მათ უფრო გაუხარდათ“. ეს ფრაზა იყო გათვლილი მათი მხარდამჭერებისთვის, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ადამიანებს, რომლებიც დგანან რუსთაველზე, უნდათ არეულობა - ამას აჯერებენ. სწორედ მათთვის იყო ეს ფრაზა... ეს რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკი, რომელიც საათივითაა აწყობილი საქართველოში...შეძლეს ბევრი ადამიანისთვის გამოერეცხათ ტვინი...ეს პოლარიზება უფრო და უფრო მიდის უარესობისკენ, რასაც ეს ხელისუფლება უწყობს ხელს“.

News

Other news