25-04-2025 22:31:52 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი ყირიმის ნახევარკუნძულზე" კონტროლის აღსადგენად, თუმცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს აქვთ სანქციების დაწესების, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის შესაძლებლობა, "რათა ამაზე ვილაპარაკოთ, განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები, მაგრამ მხოლოდ უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ".
"რასაც პრეზიდენტი ტრამპი ლაპარაკობს, მართალია. ვეთანხმები მას, რომ ჩვენ დღეს საკმარისი იარაღი არ გვაქვს. სწორედ რომ იარაღი და არა ადამიანები, რადგან ჩვენი ხალხი - ეს მთავარია, უმთავრესია, მაგრამ იმის თქმა, რომ არმია არ გვყავს, ეს არ არის სიმართლე". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი ასევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ყირიმი რუსეთის დარჩება და განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს იურიდიულად არასდროს აღიარებს.
"ჩვენი პოზიცია უცვლელია: მხოლოდ უკრაინელ ერს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელი ტერიტორიები არის უკრაინის ნაწილი, ხოლო უკრაინის კონსტიტუცია წყვეტს, რომ ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია - ისინი დორებით არის ოკუპირებული, ყველა მათგანი უკრაინას, უკრაინელ ერს ეკუთვნის. უკრაინა არ აპირებს, რომ ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორია იურიდიულად აღიაროს". - თქვა ზელენსკიმ.
25 აპრილს, ტრამპმა დაწერა, რომ ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, "ყირიმი ობამამ დათმო", ხოლო მის დროს ეს არ მოხდებოდა.