
რომის პაპი ფრანცისკე რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს
26/04/2025 15:25:16 მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
ვატიკანში დასრულდა დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც იტალიის ხელისუფლების ცნობით, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.
ცერემონიალის რამდენიმესაათიანი საჯარო ნაწილის შემდეგ, პაპ ფრანცისკეს ცხედარი ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს - დაკრძალვის ცერემონიალს რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში უმაღლესი რანგის კარდინალები და პაპთან დაახლოებული პირები დაესწრნენ.
ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდნენ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები.
პაპის დაკრძალვის ცერემონიალს პოლიტიკური განზომილებაც ჰქონდა: უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვისას ვატიკანში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო თეთრ სახლში კამათის შემდეგ.
2025 წლის 18 თებერვალს პაპ ფრანცისკეს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ის 21 აპრილს გარდაიცვალა - 88 წლის ასაკში.
გარდაცვლილი ფრანცისკეს პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევა ოცამდე კარდინალი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკლავში.
ახალი პაპი უნდა აირჩიოს კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი რანგის იერარქების ერთობამ, კარდინალთა კოლეგიამ, რომლის წევრებსაც ნიშნავს თავად პაპი და რომლებიც, როგორც წესი, ხელდასხმული ეპისკოპოსები არიან. ამასთან, ყველა კარდინალი მამაკაცია.
ახალი პაპისათვის ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ „პაპაბილებს“ ანუ მათ, ვისაც ჯერ არ შესრულებია 80 წელი. ამჟამად კოლეგიაში შედის 252 კათოლიკე კარდინალი, რომელთაგან ხმის მიცემის უფლება აქვს 195-ს. დანარჩენებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დებატებში, თუ ვინ უნდა დაიკავოს ახალი პონტიფექსის ადგილი.