
არაღჩი: ოდნავ დავშორდით ფართო საკითხებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დავა გადაჭრილია
27/04/2025 07:09:29 მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ისა და ირანს შორის ომანში გამართული მოლაპარაკებების რიგით მესამე რაუნდის შეფასებისას თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესით კმაყოფილია.
ამასთან, აბას არაღჩის თქმით, მოლაპარაკებები იმართება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო და სახვა საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და რომ სანქციების შემსუბუქების საკითხი დისკუსიის ნაწილია.
„კმაყოფილი ვარ მოლაპარაკებების პროცესითა და ტემპით. მიმაჩნია, რომ პროცესი დამაკმაყოფილებელი იყო. ამჯერად მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად უფრო სერიოზული გახლდათ. საბოლოოდ, ჩვენი დისკუსიები უფრო ჩაუღრმავდა დეტალურ და ტექნიკურ სფეროებს. ექსპერტების დასწრება უაღრესად სასარგებლო იყო. ჩვენ რამდენჯერმე გავცვალეთ წერილობითი მოსაზრებები. თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები არაპირდაპირია. ტექნიკური განხილვები საჭიროებს უფრო კონკრეტულ ყურადღებას, ამიტომ მოსაზრებები ძირითადად წერილობითი ფორმატით იყო გაცვლილი“, – განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.
აქვე დიპლომატმა თქვა, რომ მიუხედავად პროგრესისა, მხარეებს შორის ფართო საკითხებზე უთანხმოებები რჩება:
„ჩვენ ოდნავ დავშორდით ფართო საკითხებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დავა გადაჭრილია. დავები რჩება როგორც ფართო საკითხებზე, ასევე დეტალებზე. მომდევნო სესიამდე დედაქალაქებში დამატებითი განხილვები იგეგმება, რათა შევისწავლოთ ამ განსხვავებების შემცირების გზები“.
ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ომანში 26 აპრილს გაიმართა. ის ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით მიმდინარეობდა.
The Wall Street Journal წერს, რომ შეხვედრაზე მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა, კერძოდ, თეირანის მიერ ურანის გამდიდრების გაგრძელების საკითხზე. მოლაპარაკებები დასრულდა სერიოზული უთანხმოებებით და შეთანხმებით, რომ ისინი კვლავ შეხვედრას გეგმავენ.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა შეხვედრას "პოზიტიური და პროდუქტიული" უწოდა, თუმცა უთანხმოების საკითხების დეტალები არ გაახმაურა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მხარეები მალე შეხვედრას ევროპაში გამართავენ.
მოლაპარაკებებში, რომლებიც ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აბას არაღჩი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ.
ასევე, ორივე მხარის ტექნიკური ჯგუფები პირველად მონაწილეობდნენ დეტალური საკითხების განხილვაში, მაგალითად, როგორ უნდა შეიზღუდოს ირანის ბირთვული საქმიანობა და შესაძლო სანქციების მოხსნის გეგმები.
WJS წერს, რომ ისევე როგორც პირველი ორი რაუნდის დროს, აშშ-სა და ირანს შორის კვლავაც მიმდინარეობდა არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რომლებსაც ომანელი შუამავლები ხელმძღვანელობდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ ირანს შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ის გამოიყენებს იმპორტირებულ ბირთვულ საწვავს - WJS აღნიშნავს, რომ ეს გეგმა თეირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის გზის დაბლოკვას ისახავს მიზნად.