ირანის უდიდეს პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია ასობით ადამიანი

27-04-2025 11:25:41 მსოფლიო

ირანის უდიდეს კომერციულ პორტში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე 26 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი,- წერს „როიტერი“.

აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახებოდა. ძლიერი ხანძარი, რომელსაც ამ დრომდე ებრძვიან. აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის შენობების ფანჯრები და სატრანსპორტო საშუალებები.​ მიმდინარეობს ევაკუაცია და დაშავებულების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა.

ირანის კრიზისების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰოსეინ ზაფარის თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ქიმიკატების არასწორმა შენახვამ გამოიწვია. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა სარაკეტო საწვავში გამოყენებული ნივთიერება ყოფილიყო,- ამის შესახებ წერს „ნიუ იორკ თაიმსიც".

"როიტერი" აღნიშნავს, რომ აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ირანი აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდს იწყებდა ომანში, „თუმცა ამ ორ მოვლენას შორის კავშირის არსებობა არ დასტურდება“, -წერს გამოცემა.

ბოლო წლების განმავლობაში ირანში ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე არაერთი ინციდენტი მოხდა, რასაც მსხვერპლი ახლდა თან და უმეტესობის მიზეზად დაუდევრობა სახელდებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები