
ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად თავისი სამხედრო ძალის გაგზავნა პირველად აღიარა
28/04/2025 05:21:14 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად თავისი სამხედრო ძალის გაგზავნა პირველად აღიარა. კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ 28 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, "ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის არმიასთან ერთად გამარჯვებით დაასრულეს კურსკის ოლქის რაიონების გათავისუფლების ოპერაცია რუსეთში უკრაინის ხელისუფლების ავანტიურისტული სამხედრო შეჭრის მოსაგერიებლად“.
"მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში უკრაინამ უხეშად ხელყო მოძმე რუსეთის სუვერენიტეტი, ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა, ამხანაგმა კიმ ჩენ ინმა რუსეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების ომში ჩართვა და საბრძოლო ქვედანაყოფებს უბრძანა უკრაინის ნეონაცისტი დამპყრობლების განადგურება. ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროებმა კურსკის ოლქის რაიონების გათავისუფლებისას გამოიჩინეს მასობრივი გმირობა და თავგანწირვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთის ტერიტორიის გათავისუფლებაში", – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო.
მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია კიმ ჩენ ინის სიტყვებიც, რომ „ყველა, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდა, გმირია და სამშობლოს სინდისს წარმოადგენს“, მალე მათ ფხენიანში ძეგლს დაუდგამენ. ამავე ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთის არმიას და ხალხს მომავალშიც სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
ფხენიანი არაფერს იუწყება იმის შესახებ რამდენი სამხედრო გაგზავნა რუსეთის დასახმარებლად და რამდენი დაიღუპა.
ცნობისთვის: 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ "კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები".
27 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ დამცავ მოქმედებებს კურსკის და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში.
უკრაინული პროექტის, Deep State-ის მონაცემებით, უკრაინის ჯარები რუსეთის კურსკის ოლქში რჩებიან უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე რამდენიმე მონაკვეთზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ამ ოპერაციის მიზნად გამოცხადდა სასაზღვრო რაიონების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.