
უკრაინის პრემიერი: ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმება აშშ-ის მიერ უკვე გაწეულ დახმარებას არ შეეხება
28/04/2025 05:35:09 მსოფლიო
ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაში, რომელიც უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფორმონ, მხარეები ვაშინგტონის მიერ კიევისთვის ამ დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ გაითვალისწინებენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ვაშინგტონში აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დენის შმიჰალის ინფორმაციით, დოკუმენტზე იურისტები მუშაობენ და „კარგი პროგრესი“ აქვთ.
მისი თქმით, მთავარია, რომ მკაფიოდ განსაზღვრეს "წითელი ხაზები" - შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირისადმი უკრაინის ვალდებულებებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციას და კანონმდებლობას და აუცილებლად პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული.
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა.
უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთის მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორეს მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
17 აპრილს უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ხელი მოწერეს მემორანდუმს, რომლითაც მხარეები ადასტურებენ ეკონომიკური პარტნიორობისა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ ოფიციალურად შეთანხმების განზრახვას.