28-04-2025 12:59:27 მსოფლიო
28 აპრილს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ბრიანსკში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადა.
რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან. კერძოდ, რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებებმა ქალაქ ბრიანსკში მდებარე მოსკოვის და კრასნოარმეისკის ქუჩებზე ხანძარი გამოიწვია.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კრასნოარმეისკის ქუჩაზე მდებარეობს მიკროელექტრონიკის ქარხანა „კრემნიი“, რომელიც რუსული სარაკეტო სისტემებისთვის საჭირო მიკროსქემებს და სხვა კომპონენტებს აწარმოებს.
ბრიანსკის ამ ქარხანას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით 2025 წლის იანვარშიც შეუტიეს.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, "უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ბრიანსკში დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი დაიჭრა".
მისივე ნფორმაციით, დაიწვა ერთი კერძო სახლი, დაზიანდა შვიდი კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი, ხანძარი გაუჩნდა მართვის და ბიზნესის ინსტიტუტის შენობას და ერთ-ერთი საწარმოს საწყობს. ბოგომაზი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს. გუბერნატორის ცნობით, ორ რაიონში დაზიანებულია ენერგომომარაგების ობიექტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 102 - ბრიანსკის ოლქში.
უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.