28-04-2025 18:47:18 საზოგადოება
„მთავარი არხის“ თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ 1 მაისიდან ტელეარხი მაუწყებლობას სრულად შეწყვეტს.
„დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი, “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტობა. ეს თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი ტვ ვერ იხსენება, მთავარი არხის” საეთერო მაუწყებლობა კი 1 მაისიდან სრულად შეწყდება. მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ ასე დასრულდა“, – დაწერასოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.
ტელეარხის კიდევ ერთი ჟუნალისტი აცხადებს, რომ "ხუთწლიანი თანაცხოვრება დასრულებულია".
„ეს დღეც დადგა... ხუთწლიანი თანაცხოვრება დასრულებულია. იძულებით ვტოვებ სახლს, რომლის წევრიც შექმნის პირველი დღიდან ვიყავი. დღეს ერთი მძიმე ეტაპი დასრულდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ.
"დღეს, 28 აპრილს „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან გიორგი გაბუნიასგან შეტყობინება მიიღეს. მან ჟურნალისტებს აუწყა, რომ 1 მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდებოდა. გენერალური დირექტორისგან მიღებული წერილის შინაარსი რადიო თავისუფლებას „მთავარი ახრის“ ორმა თანამშრომელმა გააცნო", – იუწყება "რადიო თავისუფლება".
ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე თვეა, არხზე შექმნილ კრიზისზე საუბარს არ ერიდებოდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია. იგი ამაში თანადირექტორს ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს გოგი (გიორგი) ქურდაძეს ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, რომ არხზე ფინანსური კრიზი ხელოვნურად შეიქმნა.
27 იანვარს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას“ და ეტაპობრივად ხურავდა არხს.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობდა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. 2020 წლის მაისში „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. 2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია. 2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.