მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

28-04-2025 19:16:00 საზოგადოება ,სამართალი

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 28 აპრილს გამოცხადდა.

„სასამართლომ პირველი წარდგენის სხდომაზეც ნამდვილად ყურადღება გაამახვილა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე. ასევე, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე. სასამართლომ პირველ სხდომაზე არ გაიზიარა პოზიცია მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით.

დღეის მდგომარეობით ჩვენ სახეზე არ გვაქვს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, თუმცა მომეტებულად გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღნიშნული განპირობებულია თავად დანაშაულის ხასიათიდან, სიმძიმიდან, სპეციფიკიდან გამომდინარე... სასამართლო მსჯელობს მინიმალური დასაბუთებულობის ვარაუდის სტანდარტით“, - თქვა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, მოსამართლემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე გამოჰკითხეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია. სხდომა 13:00 საათზე დაიწყო, გამოკითხვა კი ხუთი საათი გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე უნდა გამოეკითხათ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეც, რომელსაც ამაღლობელმა სახეში სილა გააწნა. გამოკითხვა გადაიდო შემდეგი სხდომისთვის.

ცნობისთვის: მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, უკვე 12 იანვარს ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთა ელის. იგი პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 2025 წლის 18 თებერვალს შეწყვიტა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები