მთელ ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასევე საფრანგეთის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა

28-04-2025 19:31:41 მსოფლიო

მთელ ესპანეთსა და პორტუგალიაში, აგრეთვე საფრანგეთის ნაწილში ელექტრომომარაგება უეცრად შეწყდა, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გავრცელებული ცნობებით, პრობლემა ევროპის ელექტროქსელს უკავშირდება.

მადრიდის ბარახასის საერთაშორისო აეროპორტი და ლისაბონის უმბერტო დელგადოს აეროპორტი დაიკეტა მას შემდეგ, რაც ელექტრომომარაგების მიწოდება შეუწყდათ. ორი ქვეყნის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა მობილურ ქსელებთან წვდომაშიც.

გაჩერდა იბერიის ნახევარკუნძულზე მდებარე სხვა არაერთი აეროპორტი. პორტუგალიისა და ესპანეთის მიმართულებით გაუქმდა რეისები ბრიუსელიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან, იუწყება „ევრონიუსი“.

ესპანეთისა და პორტუგალიის დედაქალაქებში დაზარალდნენ მეტროს მგზავრებიც მატარებლებში, რომლებიც გვირაბებში გაჩერდა.

ელექტროენერგიის გათიშვა შეეხო საავადმყოფოებსაც. ზოგიერთს არ მიეწოდება არც წყალი.

მოსახლეობას სთხოვენ, რეალური გადაუდებელი ვითარების შემთხვევის გარდა, არ დარეკონ 112-ში, ხაზების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მოინახულა ესპანეთის ელექტროქსელის - Red Electrica-ს - საკონტროლო ცენტრი. ესპანეთის მთავრობამ საგანგებო სხდომა გამართა.

28 აპრილს, შუადღისას, ევროკომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ აქვს კომუნიკაცია ესპანეთისა და პორტუგალიის ხელისუფლებებთან, აგრეთვე ევროპის ელექტროგადაცემის სისტემის ოპერატორთა ქსელთან (ENTSO-E), შექმნილი ვითარების მიზეზის გამოსავლენად და ვითარების შესაფასებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „არსებობს პროტოკოლები სისტემის მუშაობის აღსადგენად“.

ელექტრომომარაგების გათიშვა ანდორისა და საფრანგეთის ესპანეთთან მოსაზღვრედ მცხოვრებლებსაც შეეხოთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები