28-04-2025 22:27:02 მსოფლიო
ირანის უდიდეს კომერციულ პორტში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე 26 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, დაშავებულია ასობით ადამიანი.
„ამ საშინელი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა“, - განუცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ჰორმოზგანის პროვინციის გუბერნატორმა მოჰამად აშურიმ.
ამასთან, მისი ცნობით, ხანძარი ჯერჯერობით სრულად ლიკვიდირებული არ არის.
აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახებოდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის შენობების ფანჯრები და სატრანსპორტო საშუალებები.
ირანის კრიზისების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰოსეინ ზაფარის თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ქიმიკატების არასწორმა შენახვამ გამოიწვია. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა სარაკეტო საწვავში გამოყენებული ნივთიერება ყოფილიყო,- ამის შესახებ წერს „ნიუ იორკ თაიმსიც".
"როიტერი" აღნიშნავს, რომ აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ირანი აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდს იწყებდა ომანში, „თუმცა ამ ორ მოვლენას შორის კავშირის არსებობა არ დასტურდება“, -წერს გამოცემა.
ბოლო წლების განმავლობაში ირანში ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე არაერთი ინციდენტი მოხდა, რასაც მსხვერპლი ახლდა თან და უმეტესობის მიზეზად დაუდევრობა სახელდებოდა.