29-04-2025 11:04:59 მსოფლიო
ესპანეთსა და პორტუგალიაში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. მისი შეწყვეტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ესპანეთის ენერგოკომპანია REE-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 29 აპრილის 04:00 საათისთვის ენერგომომარაგება განახლებული იყო 87,37%-ით. პორტუგალიის ენერგოკომპანია REN-მა გასულ ღამით განაცხადა, რომ ქსელში ისევ ჩართეს 89-დან 85 ქვესადგური.
ესპანეთისა და პორტუგალიის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია 28 აპრილს, დღისით მოხდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ანდორას და საფრანგეთის ნაწილსაც.
ენერგომომარაგების შეწყვეტამ ესპანეთსა და პორტუგალიაში გამოიწვია მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობის შეჩერება, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები. ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პორტუგალიის ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ენერგომომარაგების შეწყვეტამდე ესპანეთის ელექტროსისტემაში ძაბვის ანომალიური მერყეობა დაფიქსირდა. ესპანური მხარის ცნობით, პრობლემა წარმოიშვა საფრანგეთთან დამაკავშირებელ ქსელზე, რამაც „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია.