
„საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიები უმძიმესი გამოწვევაა“
04/03/2020 10:30:18 კონფლიქტები, საშინაო პოლიტიკა
„საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დროს განაცხადა.
„ჩვენი რეგიონის ირგვლივ არ ცხრება კრიზისები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამავე დროს, საქართველოს წინაშეა საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები; რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან და სუვერენობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია და მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ბოლო პერიოდში გაჩნდა ჩვენთვის ახალი და მძიმე გამოწვევა – მიგრაციის უწყვეტი ტალღა, რომელიც ისედაც რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობას უფრო ამძიმებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.