
დემონსტრანტების დასახმარებლად ანგარიში გახსნეს ბრიტანულ ბანკში
30/04/2025 15:29:33 საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ დემონსტრანტების დასახმარებლად ფულის შესაგროვებლად გამოიყენებს დიდ ბრიტანეტში გახსნილ საბანკო ანგარიშს, რომელზე თანხის ჩარიცხვაც ფუნტსა და ევროში იქნება შესაძლებელი.
მისი თქმით, ამ ანგარიშის დაყადაღება შეუძლებელი იქნება.
„ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ [ბიძინა] ივანიშვილის გადასაგდებად... ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება“, - წერს იგი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება სანდო მოხალისეთა ჯგუფის შეკრება, რომელიც იმუშავებს თანხების მობილიზებასა და ონლაინ სისტემის შემუშავებაში:
"ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დემონსტრანტების დახმარებაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების ანგარიშების დაყადაღებიდან რამდენიმე კვირაში, გუშინ, 29 აპრილს, პროკურატურამ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების ბინებში ჩხრეკა ჩაატარა. მათი ბინებიდან ამოიღეს კომპიუტერული მოწყობილობები.
მოგვიანებით, პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - ეწერა პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ ეს ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021