01-05-2025 17:52:21 საზოგადოება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა დაკავებულ მაღაროელებს – მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს - აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა პროკურატურაც.
საქმეზე მომდევნო პროცესი 19 ივნისს გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, 30 აპრილს მაღაროელებს პროკურატურამ ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინა: მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.