მედია: საბერძნეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ქართველი დააკავეს

01-05-2025 18:12:07 ევროპა ,საზოგადოება

საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპულოსში 59 წლის ქართული წარმოშობის მამაკაცი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის და პოლიციის ცნობით, მან სამხედრო ობიექტების, აღჭურვილობისა და ჯარების გადაადგილების ფოტოები და ვიდეოები გადაიღო, შემდეგ კი მასალა დაშიფრული აპლიკაციის საშუალებით საზღვარგარეთ მყოფ პირს გადასცა.

ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი მასალას მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში იღებდა და ავრცელებდა.

მედიის ცნობით, წინასწარი დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მან სამხედრო ობიექტებს ფოტოები და ვიდეოები სხვა პირის დავალებით გადაუღო.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დავალება სამხედრო ობიექტებზე შესაძლო დივერსიის გეგმებს მოიცავდა.

იტყობინებიან, რომ დაკავებული საერთაშორისო კრიმინალური ქსელის წევრია და კავშირები აქვს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან.

მედიის ცნობით, 59 წლის ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ თავდაპირველად მას ფინანსური ჯილდო შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ნებაყოფლობით ემოქმედა „სამშობლოსთვის“. როგორც იტყობინებიან, მან გამომძიებლებს უამბო, რომ ახალგაზრდობაში რუსეთის არმიაში ციმბირში მსახურობდა.

ბერძბული დაზვერვა აგრძელებს საქმის გამოძიებას ოპერაციის სრული მასშტაბის დასადგენად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები