01-05-2025 19:57:51 კონფლიქტები
გეოპოლიტიკური პროცესების, საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების და ასევე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე მძიმე დაძაბული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ყურადღების მიღმა დარჩა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები როგორიც არის დეოკუპაციის და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოების შერიგებისა და ერთიან ევროპულ სივრცეში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კონფლიქტებზე მომუშავე რიგი ორგანიზაციები და ფიზიკური პირები აწერენ ხელს.
"საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მის შესასრულებლად ძალებისა და რესურსების მობილიზება სულ უფრო რთულდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამავე დროს საქართველოში დეოკუპაციის და ქვეყნის მშვიდობიანი გზით გამთლიანების სტრატეგიული ხედვის არარსებობის და მიშვებული პროცესების ფონზე საფრთხეები და გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ქართული ოცნების ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან პირისპირ გვტოვებს დასავლეთის მხარდაჭერის და მისგან დამატებითი შესაძლებლობებისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების გამოყენების შეზღუდვების გათვალისწინებით.
ომგამოვლილ საზოგადოებებს, არ ჭირდებათ არც შეხსენება და არც მინიშნებები რა ადამიანური თუ მატერიალური ზიანი მოაქვს ომს, მაგრამ ჭირდებათ ურყევი, მტკიცე პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, საზოგადოებების შერიგებისთვის, ევროპული მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოში არსებული კვალიფიციური პრო-დასავლური პარტიების კოორდინაცია და ინტენსიური მუშაობა და ყურადღების ფოკუსირება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე როგორებიცაა:
1. ოკუპირებული ტერიტორიების განგრძობადი ანექსიის შეკავება.
2. ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება;
3. ევროინტეგრაციის როგორც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის შესაშლებლობის წარმოჩინება;
4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
5. ზემოთხსენებულ პროცესში სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა და საზოგადოების ინფორმირება როგორც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გაძლიერება ოკუპირებულ რეგიონებში რეალური საფრთხეა, ამიტომ საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად უზრუნველყოფის ინტერესის დასაცავად.
ამის მკაფიო მაგალითი გახლავთ რეგულარული ავია ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც განხორციელდება როგორც ოკუპანტი ქვეყნის შიდა ფრენები. მაშინ, როცა რუსეთის ფედერაცია ეწევა განგრძობად ანექსიას, ქართული ოცნების ხელისუფლების დუმილი გულგრილობად ვერ ჩაითვლება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რუსული ავიაკომპანიები თავისუფლად ოპერირებენ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს რუსული კომპანიები იგებენ, ქართული ოცნების ხელისუფლებას გააჩნია უამრავი ბერკეტი, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსულ მხარეზე, ამის არ გამოყენება კი დანაშაულია!
მოვითხოვთ ქართული ოცნების ე.წ. ხელისუფლებისგან მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეაჩეროს რუსული განგრძობადი ანექსია! ასევე მივმართავთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს რათა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორების ჩართულობით მაქსიმალურად გაიზარდოს წნეხი ოკუპანტ ქვეყანაზე, რათა შევაჩეროთ განგრძობადი ანექსიის პროცესი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოახდინონ მაქსიმალური ზეწოლა იმ ავიაკომპანიებზე (მათ შორის ქართული) რომლებიც თანამშრომლობენ რუსულ ავიაკომპანიებთან" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
1. მოძრაობა აფხაზეთისთვის;
2. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი;
3.აფხაზეთიდან დევნილები;
4. დევნილთა საინიციატივო ჯგუფი;
5. ნანა გოგოხია-უფლებადამცველი;
6. კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობა;
7. ივანე აბრამაშვილი-ექსპერტი
8. აკაკი ჩარგეიშვილი - აფხაზეთის ომის ვეტერანი.