02-05-2025 16:13:46 ევროპა
გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) პროექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა.
როგორც უწყება განმარტავს, პარტია სისტემატურად არღვევს ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპს.
უწყება ხაზს უსვამს, რომ შეფასება ინტენსიური და ყოვლისმომცველი შემოწმების შემდეგ გაკეთდა.
მანამდე AfD მემარჯვენე ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა კატეგორიაში მოიაზრებოდა. ახალი სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ პარტია არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული, რაც სპეცსამსახურებს მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, მათ შორის სატელეფონო მოსმენებსა და ინფორმატორებთან მუშაობისას, ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს.
უწყება ხაზს უსვამს, რომ AfD-ს იდეოლოგია აგებულია ხალხების ეთნიკურობის გაგებაზე და უარყოფს გერმანელების თანასწორუფლებიანობას მიგრანტებთან, განსაკუთრებით მუსლიმური ქვეყნებიდან.
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ ოფისს დაკვირვების სამი დონე აქვს: წინასწარი შემოწმება, ეჭვი და ექსტრემიზმის დადასტურება. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 2019 წლიდან წინასწარი შემოწმების ობიექტი იყო.