
"საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო პროექტს რამდენიმე დღეში წარვადგენთ"
04/03/2020 11:56:02 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო პროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს.
"პროექტში გათვალისწინებული იქნება ე.წ. 40%-იანი პრინციპი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას, ვერც ერთი კონფიგურაციის დროს ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, ანუ 75-ზე მეტი მანდატის მიღებას. თუ საუბარია მეტ პროპორციულობაზე, 2016 წელს რომ ჩატარებულიყო არჩევნები ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელით, რაც წერილობითი სახით სულ რაღაც 3-4 დღეში წარედგინება საზოგადოებას, „ქართული ოცნება“ მანდატებთან მიმართებით მიიღებდა იმავე შედეგს, რასაც მიიღებდა 5%-იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების დროს. არც მეტი, არც ნაკლები. ე.წ. ჩამკეტი, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, ვსაუბრობთ, სწორედ ამას გულისხმობს - არცერთი მანდატით მეტი, ვიდრე პროპორციულ სისტემაში 5%-იანი ბარიერით არის შესაძლებელი. თუ საუბარია თავად ბარიერზე, კი ბატონო, შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები და რამდენ პროცენტიან ბარიერსაც ამ შეთანხმების საფუძველზე მოისურვებენ, იმაზე მივყვებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის: ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ინიცირებისთვის 1 კვირა რჩება. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.
3 მარტს აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის პოვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა: „თუ საარჩევნო სისტემის თაობაზე პროგრესს ვერ ვიხილავთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ“.