რაზე არ ისაუბრა პრეზიდენტმა

04-03-2020 18:09:47 პოლიტიკა ,ანალიზი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რიგით მეორე ყოველწლიური მოხსენების დროს, თითქმის ერთსაათიან გამოსვლაში მრავალ თემას მოუყარა თავი, მათ შორის, შეეხო ერის დეპრესიულ მდგომარეობას, იმას, რომ „ერთმანეთს ვერ ვცნობთ“, არსებობს სიძულვილი, დაბალი პოლიტიკური კულტურა და ა.შ., მაგრამ „გამორჩა“ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა გამოც დასავლელი პარტნიორები შიშობენ, საქართველოში დემოკრატიული პროცესები კითხვის ნიშნის ქვეშ დგასო (თუმცა როგორც პრეზიდენტი ამბობს, ქვეყნის პროდასავლური კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია, მით უფრო, რომ არც ერთ ფაქტს არ ეფუძნებაო)....

რა „გამორჩა“ პრეზიდენტს

  • პრეზიდენტს არ უსაუბრია იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომლის გამოც, მათ შორის, მას დღეს წლიური მოხსენების წარდგენა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისთვის (იყო რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატიც), მთავრობისა და დიპკორპუსის წარმომადგენლებისთვის მოუწია. ზურაბიშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რომ მხარეებს არაერთხელ შესთავაზა პლატფორმად პრეზიდენტის რეზიდენცია და რომ არ აპირებს პოლიტიკურ ჭიდილში ჩართვას.
  • მას ასევე არ უსაუბრია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატის - სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ხმაურიან ვიზიტზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც საქართველოს ისტორიაში „გავრილოვის ღამის“ სახელით შევიდა.
  • არ შეჰხებია პრეზიდენტი არც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ხელისუფლების პირობის დარღვევაზე. არადა, ამ დაპირების შესახებ მან პირადადაც ისაუბრა გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან.
  • არ უსაუბრია ზურაბიშვილს არც მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა, ნარკორეალიზატორთა და მეტიც, ძებნილი პირის სკანდალურ შეწყალებაზე, არადა, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
  • არ უხსენებია პრეზიდენტს არც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების დრო და კონტექსტი, რის გამოც ბოლო პერიოდში შეშფოთებას აფიქსირებენ ამერიკელი კონგრესმენებიც, ევროპარლამენტარებიც და კითხვები უჩნდებათ ქვეყანაში წარმოდგენილ უცხოელ დიპლომატებს.

„ის არის საყოველთაო პრეზიდენტი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი მოხსენება უმრავლესობის პრეზიდენტის მოხსენება იყო“,- ასე აფასებს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი.

მისივე აზრით, ზურაბიშვილის ზოგადი მოხსენება ქვეყნის ცხოვრების ნებისმიერ პერიოდს მოერგებოდა:

„სულ რომ იდეალური იყოს ხელისუფლება, შეუძლებელია, პრეზიდენტს კრიტიკული მოსაზრებები არ გააჩნდეს. იმაში, რომ ჩვენთან პოლიტიკური ეთიკა დაბალია და მეტი ზრდილობა გვჭირდება, ახალი არაფერია. პრეზიდენტის წინა გამოსვლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის - ის პოლიტიკური კრიზისები, რომელიც იმდენად გამწვავებულია, რომ მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი წაიღო და სხვა თემებზე საუბარი აღარაა. ამის ნაცვლად ზოგადსაკაცობრიო თემებზე ლაპარაკი კონტექსტიდან ამოვარდნილი მეჩვენება. ველოდი თუნდაც ოპოზიციის და ხელისუფლების კრიტიკას. გასაგებია, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, მაგრამ ხელისუფლებას - მეტად. მინდოდა, პრაქტიკული ნაბიჯების შემოთავაზება ყოფილიყო, ქვეყანა კრიზისიდან როგორ გამოვიდეს“.

პრეზიდენტის გამოსვლით იმედგაცრუებულია დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მისი მხარდამჭერი იყო:

„დღეს ჩემი დარბაზში ყოფნა ამ ინსტიტუტისადმი პატივისცემის ხაზგასმა იყო. იმას, რაც გასულ წელს მოხდა [უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა გაურკვეველი წესით შერჩევა], პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მკვეთრი შეფასება სჭირდება. ყველა დამოუკიდებელი არბიტრის შეფასება იყო, რომ ეს გახლდათ ცუდი გადაწყვეტილება. ამის გალამაზება არაფრით გამოვა. დღეს პრეზიდენტს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, ყოფილიყო ობიექტური და შეექმნა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მის მიმართ ნდობას განაპირობებდა. მე მისი მხარდამჭერი და თანამებრძოლი ვიყავი, ამიტომ გულსატკენია, რომ მოლოდინი გამიცრუვდა“.

„დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გიგლა ბარამიძე კი პრეზიდენტის გამოსვლამ „მადლიერების“ განწყობაზე დააყენა:

«ბედნიერი ვარ, რომ ბევრი არ ისაუბრა, თორემ ისეთ რამეებს იტყოდა, ქვეყანაშიც და უცხოეთშიც ისევ ჩვენ გავწითლდებოდით და თავის მართლება მოგვიწევდა. ზოგადად კი, მას სიტყვა ბოდიშით უნდა დაეწყო გაერო-ში მისი გამოსვლისთვის, როდესაც მსოფლიოს აუწყა, „საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადისო“. მას შემდეგ უზარმაზარი ტყუილი ჩატარდა. ბოდიშის შემდეგ ესაუბრა მარჯვნივ და მარცხნივ“.

ახალი ამბები