07-05-2025 10:32:57 მსოფლიო
ინდოეთის არმიის სპიკერის განცხადებით, პაკისტანის სამხედრო მოქმედების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ნაწილში. ამ დროისთვის ქაშმირის ჯამუს, სამბას, კატუას, რაჯურის და პუნჩის რეგიონებში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დროებით დახურულია.
ინდოეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად მსხვერპლის შესახებ იტყობინება პაკისტანიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ იშაკ დარმა განაცხადა, რომ ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ნაწილში ინდოეთის საჰაერო დარტყმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და 35 დაშავდა.
Reuters-თან საუბარში პაკისტანის არმიის პრესსპიკერმა აჰმედ შარიფ ჩოუდჰარიმ განაცხადა, რომ ჩამოგდებულია Rafale-ს ტიპის სამი თვითმფრინავი და „სუ-30“ და „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავები. მან ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთის თვითმფრინავები პაკისტანის სამიზნე მხოლოდ პაკისტანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გახდნენ.
7 მაისს ღამით ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით "სინდორი". ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა 22 აპრილის ტერაქტის შემდეგ - ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში ტურისტებს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო. ინდოეთის განცხადებით, თავდამსხმელთაგან ორს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს. პაკისტანი დამოუკიდებელ გამოძიებას უჭერს მხარს.