08-05-2025 23:40:41 მსოფლიო
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.
ეს პირველი სავაჭრო შეთანხმებაა, რომელიც აშშ-მ ქვეყანასთან ტრამპის მიერ 2 აპრილს გამოცხადებული "საპასუხო" და "საბაზისო" ტარიფების შემდეგ დადო.
"მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ გაერთიანებულ სამეფოსთან, არაჩვეულებრივ ქვეყანასთან, უპრეცენდენტო სავაჭრო შეთანხმებას მივაღწიეთ.
დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეა. ჩვენ ომი ზუსტად 80 წლის წინ ერთად მოვიგეთ, ამიტომ ამ ისტორიული შეთანხმების მისაღწევად უკეთესი დილა ვერ იქნებოდა". - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს "გამორჩეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის" მადლობა გადაუხადა.
ტრამპის თქმით, სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში გაერთიანებული სამეფო ამერიკულ იმპორტზე არსებულ არასატარიფო ბარიერებს შეამცირებს. აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლუტნიკის განმარტებით, ბრიტანეთზე დაწესებული 10%-იანი "საბაზისო" ტარიფი ძალაში დარჩება, თუმცა ბრიტანულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფი 25%-დან 10%-მდე შემცირდება.
მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების დეტალები მომდევნო დღეებში დაზუსტდება.
"შეთანხმების ფარგლებში აშშ 10%-იანი ტარიფებისგან შემოსული შემოსავლების სახით $6 მილიარდს მიიღებს, $5 მილიარდს ახალი საექსპორტო შესაძლებლობების სახით, ჩვენი არაჩვეულებრივი რანჩერების, ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის. ალუმინისა და ფოლადის სავაჭრო ზონის შექმნის გზით, გაძლიერდება როგორც აშშ-ს, ისე გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოება და დაცული იქნება ფარმაცევტული მიწოდების ჯაჭვი.
ეს შეთანხმება აჩვენებს, რომ თუ შენ ამერიკას პატივს სცემ და მაგიდაზე სერიოზულ შეთავაზებებს დებ, ამერიკა ღიაა ბიზნესისთვის. კიდევ მეტი გახდება ცნობილი – დაგველოდეთ!". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესახებ.