ევროპელმა დიპლომატებმა ლვოვში მიაგეს პატივი უკრაინელი სამხედროების ხსოვნას, იმართება EU-ს საგარეო მინისტრების არაფორმალური შეხვედრაც

09-05-2025 16:06:47 ევროპა

9 მაისს, ევროპის დღეს ევროპელი დიპლომატები უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდნენ და ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს პატივი.

ლვოვში ჩასულ ოფიციალურ პირებს შორის იყვნენ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი.

"დღეს ჩვენ ვზეიმობთ ევროპის დღეს უკრაინასთან და მის ხალხთან ერთად. ვინაიდან ოჯახში სიხარულსა და სირთულეს ყველა თანაბრად იზიარებს.

საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მხარდამხარ ვდგავართ უკრაინასთან ერთად გრძელვადიანი მშვიდობის მოთხოვნით და მომავლისთვის, რომლისაც გვწამს". - დაწერა კალასმა X-ზე.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ლვოვში დელეგაციები შეიკრიბა 35 ქვეყნიდან და ევროპის საბჭოდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, ლვოვში შეხვედრაზე დიპლომატებმა უკრაინის მხარდასაჭერად შემდგომი ერთობლივი მოქმედებების, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობის საკითხები უნდა განიხილონ.

კალასმა გუშინ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე.

მისი თქმით, ძირითადმა ჯგუფმა შეთანხმებას მიაღწია ტექნიკურ დონეზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას ტრიბუნალი. ახლა უკვე არსებობს თანხმობა პოლიტიკურ დონეზეც, დღეს ლვოვში მყოფ საგარეო მინისტრებს ევროპული საბჭოს გენერალური მდივანი ვიდეოზარის მეშვეობით უნდა შეუერთდეს ამ საკითხზე სამსჯელოდ.

დღესვე იგეგმება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ განცხადებაც.

თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ დღეს, 9 მაისს, განაცხადა, რომ საფრანგეთი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს გამოიყენებს, მანამდე უკრაინის არმისთვის გადაცემული თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, Caesar-ის შეკეთებასა და მომსახურებაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები