ინდოეთი და პაკისტანი სამხედრო დარტყმებს აძლიერებენ

10-05-2025 15:55:55 მსოფლიო

დღეს დილით პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო შეტევა წამოიწყო. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მიერ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე პასუხს წარმოადგენდა.

პაკისტანის ინფორმაციით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათგან ერთი რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს, დანარჩენი ორი კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან. მისი ცნობით, საპასუხო შეტევის ფარგლებში განადგურებულია ბრაჰმოსის რაკეტების საწყობი ბეასის რაიონში, ასევე იერიშების სამიზნე გახდა ინდოეთის დასავლეთ პენჯაბის რეგიონში მდებარე პატანკოტის ავიაბაზა და ქაშმირის უდამპურის ავიაბაზა.

სამხედრო სამიზნეების გარდა, ინდოეთი პაკისტანს სამოქალაქო ტერიტორიებზე შეტევაში ადანაშაულებს.

ინდოეთი ამბობს, რომ პაკისტანი ქაშმირშის რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიებსაც უტევს, მათ შორის – სამედიცინო და საგანმანათლებლო შენობებს. ინდოეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, 10 მაისს პაკისტანის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსხვერპლზე საუბრობს პაკისტანიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ინდოეთის დარტყმების შედეგად ბოლო ერთი დღის განმავლობაში სადავო ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა.

"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა 9 მაისს მხარეებს თავშეკავებისა და პირდაპირ დიალოგზე გადასვლისკენ მოუწოდეს. 10 მაისს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ იშაქ დარს, სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა და კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში ამერიკის მხრიდან დახმარება შეთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები