ზელენსკი: მოვითხოვთ, რუსეთი დათანხმდეს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან

10-05-2025 21:04:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ "მსურველთა კოალიცია" მოითხოვს, რუსეთი დათანხმდეს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან. ამის შესახებ მან კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მოკავშირეებში არსებობს თანხმობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის შესახებ. ამ იდეას მხარს უჭერენ როგორც უკრაინის პარტნიორები ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.

ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს სრული და უპირობო ხმელეთზე, ცასა და ზღვაში.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მხრიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის დააწესოს პირობები, ჩაითვლება ომის გაჭიანურების მცდელობად. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ორივე მხრიდან მონიტორინგს გაუწევენ პარტნიორები შეერთებული შტატების კოორდინაციით.

"ამ პირობებით ცეცხლი უნდა შეწყდეს 30 დღის განმავლობაში, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს. ამ დროის განმავლობაში, მუშაობა ფოკუსირებული იქნება მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების შემუშავებაზე. თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა გავრცელდეს უფრო მკაცრი სანქციები მის ენერგეტიკულ (ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, წიაღისეული საწვავი) და საბანკო სექტორებზე. მზადების პროცესშია ევროკავშირის სანქციების მე-17 ძლიერი პაკეტი, რომელიც კოორდინირებული იქნება დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და შეერთებული შტატების სანქციებთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას გაყინული რუსული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე - ეს საკითხი იქნება განხილული "დიდი შვიდეულის" შემდეგ სამიტზე. ვთანხმდებით, რომ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის, განსაკუთრებით უკრაინის არმიის გაძლიერებას. ეს გულისხმობს როგორც ჩვენი თავდაცვის მდგრადობის დაფინანსებას, ასევე ინვესტიციებს უკრაინაში იარაღის საწარმოებლად", – აცახდებს ზელეენსკი.

რუსეთისთვის 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის პირობის ჩაგდების შემთხვევაში დამატებითი სანქციების გარდაუვალად დაწესების პერსპექტივაზე ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმაც, რომლებიც კიევში იმყოფებიან.

„დღეს ჩვენ აქ ყველა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პუტინს მივმართავთ. თუ ის სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, მას აქვს შანსი, რომ ეს ახლავე დაამტკიცოს. ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ და თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. პრეზიდენტ ტრამპთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის შედეგად სანქციებს გავაძლიერებთ და უკრაინის სამხედრო დახმარებას გავზრდით, რათა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ვაიძულოთ. ყველანი შევთანხმდით, პროცესის დასრულებამდე უკვე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. ახლა კი ჩვენ ამ პროცესის დასაწყისში ვიმყოფებით“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

გერმანიის კანცლერმა არ გამორიცხა არც პუტინთან შეხვედრის პერსპექტივა თუკი ეს ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

„მსურველთა კოალიცია“, რომლის შეხვედრაც კიევში დღეს გაიმართა, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის წევრი სახელმწიფოებიც მზად არიან, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარებითა და უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის მიმართულებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები