
"პოლიტიკურად ანგაჟირებულ ზოგიერთ კოლეგას ჰგონია, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური აღწერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ემუქრება"
05/03/2020 06:35:34 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, "ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკურად ანგაჟირებულ კოლეგას ჰგონია, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური აღწერილობით ირჩევს".
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საკმაოდ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა ეს მთავრობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
„ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის ის შედეგები, რომელსაც ვაღწევთ. კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არც ერთი წამით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა ერთობლივი ბრძოლით. მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ და მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ეს უნდა გავაკეთოთ სულ, ვიდრე ამ გამოწვევას ბოლომდე არ დავამარცხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ზოგიერთ კოლეგას ჰგონია, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური აღწერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ემუქრება ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ირჩევს მაღალ მოქალაქეობრივ პოზიციას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ამ ბრძოლაში ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკაზე, მოქალაქეებზე ამ გამოწვევის ზემოქმედების მინიმიზაცია“, - განაცხადა გახარიამ.
ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.