Accentnews.ge
ზელენსკიმ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის განხილვის განზრახვის შესახებ განაცხადა

ზელენსკიმ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის განხილვის განზრახვის შესახებ განაცხადა

14/05/2025 06:48:00 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს სტამბოლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში გეგმავს ცეცხლის სრული შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის საკითხის განხილვას.

„თუ მას შევხვდები, ჩვენ პოლიტიკური გამარჯვებით უნდა გამოვიდეთ — ცეცხლის შეწყვეტით, ტყვეების გაცვლით „ყველა ყველაზე“ პრინციპით, ან მსგავსი რამით“, - განაცხადა ზელენსკიმ Liberation-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მხარეებისთვის შეუძლებელი იქნება ყველაფერზე ერთდროულად შეთანხმება, „მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ფორმატი ომის დასასრულებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები „არ ენდობიან რუსებს“, ამიტომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ გარანტირება, რომ მხარეებს შორის შეთანხმებები დაცული იქნება.

მისი აზრით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, იმოქმედოს, როგორც სანდო შუამავალს, რადგან კიევიც და მოსკოვიც სერიოზულად აღიქვამენ ვაშინგტონს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სტამბოლში ყოფნა რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრაზე დასწრებისკენ წაახალისებს. „თუ პუტინი არ ჩამოვა, ეს წარმოაჩენს მის მარცხს“, - დასძინა ზელენსკიმ.

მანამდე, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის საპასუხოდ, პუტინმა უკრაინასთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. ტრამპმა კიევს მოუწოდა, დათანხმებულიყო ამაზე, რათა მშვიდობისთვის შანსი მიეცა. ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებაზე საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად იყო პუტინთან პირისპირ შეხვედრისთვის თურქეთში. კრემლს ჯერ არ გაუმჟღავნებია მოლაპარაკებებში მონაწილე რუსული დელეგაციის შემადგენლობა. ერთი დღით ადრე, 13 მაისს, კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა Washington Post-ს განუცხადა, რომ რუსეთს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. სააგენტოს წყარომ, რომელიც მოლაპარაკებებისთვის მზადების პროცესს იცნობს, განაცხადა, რომ პუტინის მონაწილეობა მოლაპარაკებებში ამ ეტაპზე არ იგეგმება. ზელენსკის ოფისმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერი პუტინის გარდა რუსეთის არც ერთ წარმომადგენელს არ შეხვდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S