20-05-2025 14:00:35 საზოგადოება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა 4 თვით შეიზღუდება.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N345, N354 და N359 წყნეთის გზატკეცილს ჭავჭავაძის გამზირიდან დაუკავშირდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების საავტომობილო ხიდის გავლით, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. ავტობუსები უკუმიმართულებითაც იმავე გზით გააგრძელებენ მოძრაობას.
ავტობუსი N334 მეტროსადგურ „დელისიდან“ წყნეთის გზატკეცილს დაუკავშირდება თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებს; N351 ავტობუსის ბოლო გაჩერებად დროებით განისაზღვრა კუს ტბის გადასახვევის მოპირდაპირედ არსებული ნუგზარ ენდელაძის მოედანი.
მიკროავტობუსები: N449 და N450 წყნეთის გზატკეცილიდან ბაგების ხიდის საშუალებით დაუკავშირდებიან უნივერსიტეტის ქუჩას, თამარაშვილის გამზირს, წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, რის შემდეგაც, N449 მოძრაობას დაასრულებს ნუგზარ ენდელაძის მოედანზე, ხოლო N450 მიკროავტობუსი ვაკის პარკის მოპირდაპირედ შეუხვევს, თამარაშვილის გამზირის გავლით, ანალოგიური გზებით დაუკავშირდება წყნეთის გზატკეცილს, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.
N449 უკუმიმართულებისას გადაადგილდება იმავე მარშრუტით, მგზავრთა მომსახურებას კი ჭავჭავაძის გამზირის N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.
რეაბილიტაციის პერიოდში, ბაგების მოსახლეობისთვის დაწესდება ავტობუსის დროებით მარშრუტიც. N173 იმოძრავებს წყნეთის გზატკეცილი N6-ის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბაგების მცხოვრებლებს მეტროსადგურ „დელისამდე“ მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.