
მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
29/05/2025 10:43:00 მსოფლიო
მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდივანმა მარკო რუბიომ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა აშშ-გერმანიის კოორდინაციის ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, პეკინის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შეკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ და იოჰან ვადეფულმა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„მდივანი რუბიო თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ გერმანიის მზადყოფნას მიესალმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უფრო მჭიდრო სტრატეგიული ჩართულობის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.