
“არავითარი ხელახალი არჩევნები და ახალი კანდიდატები!”
05/03/2020 17:13:51 კონფლიქტები
«არავითარი ხელახალი არჩევნები და ახალი კანდიდატები არ იქნება», - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ არძინბა, რომელმაც დღეს რუსეთში, კრასნოდარის საოლქო საავადმყოფოში მისი კონკურენტი – ოპოზიციონერი კანდიდატი ასლან ბჟანია ინახულა.
როგორც არძინბამ აღნიშნა, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა “დღითიდღე უმჯობესდება”.
რაც შეეხება მისი კიდევ ერთი კონკურენტის – ლეონიდ ძიაფშბას განცხადებებს დე ფაქტო არჩევნების ერთი თვით გადატანის აუცილებლობის შესახებ, არძინბას აზრით, ამაზე საუბარი სადღეისოდ უსაფუძვლოა.
«სიჩქარე ახალგაზრდებს ახასიათებთ ხოლმე, თუმცა ჩვენში ზოგიერთ ზრდასრულსაც სურს ამ თვისების მონოპოლიზება. ჯერ იყო ლეონიდ ივანეს ძე, ახლა – ლეონიდ იურის ძე. აჩქარება არაა საჭირო, ყველაფერს თავისი დრო აქვს. რაც შეეხება ხმის მიცემის თარიღის გადატანას, ამ საკითხს მხოლოდ ასლან ბჟანიას მონაწილეობით განვიხილავთ და არავისთან სხვასთან – არც მის შტაბთან, არც ვინმე სხვასთან, ეს ჩვენი – კანდიდატების ჭრილში გადასაწყვეტი საკითხია. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ ჩვენს კომუნიკაციას გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, ასლან ბჟანიას შტაბშიც ახლა უპირველესად, მის ჯანმრთელობაზე უნდა ფიქრობდნენ», – აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა.
არძინბას განმარტებით, მან რამდენიმე წუთის განმავლობაში ბჟანიასთან პირადად გასაუბრება მოახერხა და მედიკოსებთანაც ჰქონდა კონტაქტი.
რაც შეეხება ე.წ. საარჩევნო შტაბების მუშაობას, მისი თქმით, იგი ჩვეულებრივად გაგრძელდება:
«შტაბები არ დაგვიხურავს, მუშაობა გრძელდება. უბრალოდ გავაუქმეთ ამომარჩევლებთან შეხვედრები, რადგან ასე ჩავთვალეთ საჭიროდ და სწორად. არჩევნები არავის გაუუქმებია. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შეხვედრებსაც განვაახლებთ».